ბელეტრისტიქა

ეპიზოდი

მრავალი წლის წინ, მაისის თბილ საღამოს, კანალიზაციის შახტის სახურავი ავწიე და ქუჩაში ამოძრომას ვაპირებდი.

ეს იყო ერთერთი იმ დაუვიწყარ საღამოთაგან რომლებზეც ასე ლამაზად წერენ ჩვენი პოეტები: თბილი, ჩიტების ჯღურტულით გაჯღენთილი ჰაერით, სავსე ახლად დაბადებული სიცოცხლით და ჩვენს სულებში გაღვიძებული გრძნობებით.

თუ რატომ ვიმალებოდი მაშინ შახტაში - არ მახსოვს. იმდენად დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, იმდენი რამ მოხდა, მხოლოდ ის მახსოვს ბუნდოვნად, რომ ეს კარლ ფრიდრიხის ქუჩაზე ხდებოდა, სწორედ იმ განათების ბოძთან, რომელზეც თავის დროზე ძია ოტომ ასე სულელურად მიიმტვრია ცხვირი და რომელსაც მას მერე ჩვენს ოჯახსი „ცხვირთმღუპავს“ ეძახიან.

როდესაც საკანალიზაციო სახურავი ავწიე - უეცრად, პირდაპირ ჩემს წინ, ქალის ორი ფეხი შევნიშნე, რომლებიც ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით მოემართებოდნენ. კარგად შეკერილი ფეხსაცმელები ამშვენებდნენ მათ, მაღალი ქუსლებით, მომდგარი ჩულქებით და ელეგანტური ნაქარგით, რომელიც ძალიან მომეწონა. ვერც მოვასწარი ამის გაცნობიერება, როდესაც ფეხები პირდაპირ თავთან მომადგნენ და გაისმა ქალის სასიამოვნო ხმით წარმოთქმული მსუბუქი საყვედური:

„კინაღამ ფეხი წამოგკარით“

ამ ხმის წარმომავლობის ძებნაში ნელ-ნელა ავიხედე ზევით. ფეხები კაბის სიბნელეში იკარგებოდნენ, როდესაც მზერა ავაყოლე მისი სანდომიანი სახე დავინახე, რომელსაც ქერა დალალები ამშვენებდა და რომელიც ალერსიანად მიღიმოდა.

„კანალიზაციის შახტებთან ახლოს არ უნდა მიხვიდეთ“, დამრიგებლური ტონით ვუთხარი და ქუჩაში ამოვძვერი. – „ეს საშიშია“.

„რატომაა საშიში?“ - სანდომიანად იკითხა ანგელოზის მსგავსმა ლამაზმანმა.

იმიტომ რომ შეიძლება შახტაში ჩავარდეთ“, ვუპასუხე საქმიანად და ამავდროულად ფეხის გათავისუფლებას ვცდილობდი რომელიც სახურავის სამაგრში გამეჭედა. „უვარგის სახურავებს ამზადებენ ბოლო დროს“

„კი მაგრამ ეს სახურავი არა ქვევით, არამედ ზევით გადაიწია, და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენ აწიეთ“ შემეკამათა ის გაკვირვებით „და ამასთან ერთად ეს მოხდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მასზე ფეხის დაბიჯებას მოვასწრებდი“.

„მაგრამ სამწუხაროდ, ამ შამთხვევაში , არანაირი განსხვავება არ არის“ ვუპასუხე სერიოზულად და გავიხსენე გარდაუვალი აუცილებლობა იმისა, რომ ეს ანგელოზის მსგავსი ლამაზმანი უნდა შემეპყრო და დამემწყვდია შახტაში, რათა ჩემი გათქმისა და დაღუპვის საშუალება არ ჰქონოდა.

რასთან დაკავშირებით ვიმყოფებოდი მაშინ საფრთხის ქვეს და ვისთან შეეძლო გავეთქვი - უკვე აღარ მახსოვს. ძალინ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, ძალიან ბევრი რამ მოხდა.

ამასობაში ტერფი გავითავისუფლე და შევიპყარი ლამაზმანი.

მარჯვენა ხელი პირზე ავაფარე. „თქვენ კაბა დამისვარეთ“, ამის ჩაჩურჩულება მოასწრო მან.

„სამწუხაროდ იძულებული ვარ აქ დაგამწყვდიოთ“ ვუპასუხე ჩურჩულით. „მაგრამ ნუ ღელავთ, თუ არ იყვირებთ, არაფერი გემუქრებათ“.

ოდნავ მოვადუნე ხელი რომელიც ტუჩებს უფარავდა.

„სად აპირებთ ჩემს დამწყვდევას?“ იკითხა მან ჩურჩულით. „და რატომ?“

„შახტის ფსკერზე“ ასევე ჩურჩულით მივუგე. „მიზეზი კი მხოლოდ მოგვიანებით შემიძლია გაგიმხილოთ“ - და პირი გავუთავისუფლე. „თქვენი ნებით ჩამოხვალთ თუ ხელით გატაროთ?“

„ჩემი ნებით“ - ჩაიჩურჩულა მან. „შეუძლებელია მატაროთ. სივიწროვეა“

ხელი გავუშვი და მან შახტაში ჩასვლა დაიწყო.

მე ნელა მივყევი კვალდაკვალ და შახტის სახურავი დავხურე.

რაიმონდ ცოლერი
თარგმანი ელენე ნანიტაშვილი

© Raymond Zoller
გერმანული ვერსიისკენ
რუსული ვერსიისკენ