ბელეტრისტიქა

ნახტომი

„გესმის ეს უცნაური ხმაური?“ იკითხა ვრავლოვმა.

„არა,“ ვუპასუხე მე. რადგანაც არანაირი ხმაური არ მესმოდა.

„ძრავას სჭირს რაღაც „ თქვა ვრავლოვმა.

ძრავა მშვიდად და თანაბრად მუშაობდა. თუმცა იქნებ, არც მშვიდად და არც თანაბრად; მე ხომ ბევრი არაფერი მესმის ძრავების, განსაკუთრებით კი ავიაძრავების. მაინც ვრავლოვი უფრო კომპეტენტურია.

„რაღაც არ მომწონს...“ ჩაილაპარაკა მან და გაუბედავად დაადო ხელი აქსელერატორს. შემდეგ, ჩაფიქრებულმა თავი მარჯვნივ დახარა და საჭე ოდნავ დაატრიალა. ჰორიზონტი შეირხა.

„ძრავა თუ აფეთქდა, დავიღუპებით...“

„იქნებ ზედმეტად პესიმისტური ხარ?“ – ვცადე მისი დამშვიდება. „შეიძლება ძრავა წესრიგშია. აი ნახე, რა მშვიდად მუშაობს“.

„მშვიდად?“ – ვრავლოვმა გაკვირვებით შემომხედა. „შენ რა, დაყრუვდი? ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს!“

მკვეთრი მოძრაობით მან ხელი აქსელერატორიდან საჭეზე გადაიტანა.

„უმჯობესია გადავხტე“

„როგორც გინდა“ ვუპასუხე მე. მართალია ეს საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში მაგდებდა. მე ხომ ჯერ არასოდეს ვმჯდარვარ თვითმფრინავის საჭესთან და, ალბათ, ძალიან გამიჭირდება თავი გავართვა ამ საქმეს . ხოლო თუ ძრავას მართლაც რამე დაემართება საერთოდ აღარ მეცოდინება რა ვქნა. მაგრამ, მეორე მხრივ, ვთვლიდი, რომ არ იქნებოდა სწორი თუ მის გადარწმუნებას ვეცდებოდი. თუ მან გადახტომა გადაწყვიტა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, და მე არ მაქვს უფლება ჩავერიო.

„შენ შეგიძლია სცადო და ფრენა გაგრძელო“ შემომთავაზა ვრავლოვმა.

„ვცდი“ ვუპასუხე მე.

მართლაც სხვა რა დამრჩენია? ვერ გადავხტები: ჯერ არცერთხელ არ გადავმხტარვარ პარაშუტით და, ალბათ, მის მართვას უარესად შევძლებ ვიდრე თვითმფრინავის დამორჩილებას. თანაც, ბორტზე მხოლოდ ერთი პარაშუტი აღმოჩნდა.

„იქნებ მიწაზე მშვიდობიანად დაშვება შეძლო“ თქვა ვრავლოვმა და გასამხნევებლად მხარზე დამკრა ხელი. რის შემდეგაც ენერგიულად გამოაღო კარი და გადახტა.

რაიმონდ ცოლერი
თარგმანი ელენე ნანიტაშვილი

© Raymond Zoller
გერმანული ვერსიისკენ
რუსული ვერსიისკენ